მთავარი » 2014 » თებერვალი » 11 » პატარა ანასტასია მღებრიშვილმა რომ იცოცხლოს, 3000 ევროა საჭირო
12:27 PM
პატარა ანასტასია მღებრიშვილმა რომ იცოცხლოს, 3000 ევროა საჭირო

ანასტასია მღებრიშვილი წლის და 5 თვისაა. მას 5ჯერ უშედეგოდ ჩაუტარდა ცრუ თიაქარის ოპერაცია საქართველოში. ცოტა ხნის წინ ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში ერთ-ერთი ფრანგი ქირურგი მზადაა, პატარა გოგონას ოპერაცია უფასოდ გაუკეთოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა იქამდე ჩასვლა.

მარიამ მღებრიშვილი (ანასტასიას დედა):

- ანასტასიას აქვს დიაფრაგმის ცრუ თიაქარი, რომელიც დაბადებიდან დაჰყვა. დაავადება განკურნებადია და არის შემთხვევები, რომ ოპერაციამ შედეგი გამოიღო, მაგრამ ანასტასიას შემთხვევაში შედეგი არ მოჰყვა. ჩემი შვილი ფიზიკურად ძალიან სუსტია და სწორედ ამის გამო ვერ გამოიღო ოპერაციამ სასურველი შედეგი.

-სისუსტეც ავადმყოფობის ბრალია?

- 3 დღის იყო ანასტასია, პირველი ოპერაცია რომ გაუკეთდა, მერე 1 თვე იყო ინკუბატორში და ბავშვი მხოლოდ გადასხმებით ცოცხლობდა. რამდენიმე დღე კომაშიც იყო. ამ ყველაფერმა გამოიწვია იმუნიტეტის დაქვეითება. ანასტასიას, იმის გამო, რომ არ აქვს დიაფრაგმა, ნაწლავები ასდის ფილტვთან, ამიტომ ვეღარ იღებს ორგანიზმი საკვებს, ბუნებრივია ეს მის ჯანმრთელობაზე კიდევ უფრო უარყოფითად მოქმედებს.

- საქართველოში თუა შესაძლებელი რომ განიკურნოს?

- აქაურმა ქირურგებმა ჯერ კიდევ მესამე ოპერაციაზე გვითხრეს, რომ მათ ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, მაგრამ გადაუდებელ სიტუაციაში მაინც აღმოუჩინეს დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი ვერ გადარჩებოდა.

-რამდენადაც ვიცი, თქვენ დაუკავშირდით ფრანგ ექიმს...

- ახლობლის დახმარებით ჩვენ დავუკავშირდით 4 ექიმს საფრანგეთში. ორმა უარი თქვა ოპერაციაზე, ერთმა მოგვთხოვა 24 000 ევრო და ერთმა, კონკრეტულად კი დოქტორმა შეიამ გვითხრა, რომ ქველმოქმედების სახით, უფასოდ გაუკეთებდა ანასტასიას ოპერაციას. მთავარია, ანასტასია ცოცხალი ჩავიყვანოთ საფრანგეთში. ამისთვის საჭიროა ის გაემგზავროს რეანიმატოლოგის თანმხლებით. იქამდე ჩასვლას სპეციალური აღჭურვილობით სჭირდება 3000 ევრო. ეს თანხა სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ ანასტასიამ იცოცხლოს.

- მარიამ, თვითონ ანასტასია როგორ ეგუება თავის მდგომარეობას?

- გონებრივად ძალიან განვითარებული ბავშვია. არის ძალიან აქტიური, მაგრამ მისი დაავადებიდან გამომდინარე სიარული ჯერაც არ იცის და დამოუკიდებლად ჭამაც არ შეუძლია. სხვა მხრივ არაფრით განსხვავდება თანატოლებისგან. ძალიან უყვარს ბავშვები და უნდა მათთან თამაში, მაგრამ რომ არ შეუძლია, რამდენჯერმე იტირა კიდეც. ძალიან მინდა, ჩემმა შვილმა სხვა ბავშვებთან ერთად ითამაშოს და ბავშვობით დატკბეს. დაბადებიდან სულ საავადმყოფოშია. ძალიან დაიღალა, მაგრამ მოთმინებით იტანს ყველაფერს, არადა პატარაა, მას ჭირდება ყველაფერი ის, რაც მის ასაკის ბავშვებს აქვთ. თოვლის ბაბუაც ყავდა და უბედნიერესი იყო...

-საქართველოს ხელისუფლებიდან თუ დაგეხმარათ ვინმე?

-ერთადერთი, ვინც დახმარება გაგვიწია, იყო ჯანდაცვის სამინისტრო. მათ ანასტასიას 10 000 ევრო გამოუყვეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ქალბატონ მარიამ ჯაშს, რომელმაც რეაგირება მოახდინა და დაგვეხმარა. ჩემი განცხადებიდან 4 საათში დამიკავშირდნენ და გამოთქვეს დახმარებისთვის მზადყოფნა, მაგრამ ჩვენ ამ თანხას ვერ ვიყენებთ, რადგან ეს თანხა პირდაპირ იქ გადაირიცხება, სადაც ანასტასიას ოპერაცია გაუკეთდება ანუ გზის ფული 3000 ევრო ისევ მოსაძიებელი გვაქვს.

- და-ძმა როგორ უყურებს ანასტასიას მდგომარეობას?

- ძალიან ენატრებათ. რამდენიმე დღის წინ მის ბალიშს ეფერებოდნენ. მსაყვედურობენ, რატომ არ მომყავს საავადმყოფოდან. სახლში როცა ვართ სულ ისეთ თამაშებს თამაშობენ, რომ ანასტასიაც ჩაერთოს მათთან ერთად. უფროსი 5 წლისაა და თოვლის ბაბუას წერილი მისწერა და ანასტასიას კარგად ყოფნა თხოვა, სხვა მართლა არაფერი უთქვამს. იმედია, უფალი მოწყალე თვალით გამოგვხედავს და ანასტასია აუცილებლად მომჯობინდება.

საქველმოქმედო ზარი მაგთიდან და ბილაინიდან 0901700040

ანგარიშის ნომერია GE35LB0711183938188000 LIBERTYGE22

მიმღები მარიამ მღებრიშვილი (593531635).

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის KvirisPalitra.Ge)

მიმაგრებულია სურათი 1 · სურათი 2

ნანახია: 438 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: davekhmarot, daxmareba, damexmaret, damekhmaret, dakhmareba, davexmarot, sikete, ქველმოქმედება, qvelmoqmedeba, დახმარება დავეხმაროთ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დამატებითი ინფორმაცია