12:25 PM ”ვინმემ დამეხმარეთ, სახლში 7 ობოლი შვილიშვილი მშიერი მელოდება” | |
"ვინმემ დამეხმარეთ, გეხვეწებით, სახლში 7 ობოლი მიცდის, საღამოს ვახშამი რომ ვაჭამო, პურის ფული არ მაქვს, მშივრები არიან, მელოდებიან", _ ამ სიტყვებით ითხოვდა დახმარებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში პენსიონერი გულიკო ბოლქვაძე. გულიკო ბოლქვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ცხოვრობს. "70 წლის მოხუცი ვარ, მარტოხელა, პენსიონერი, შვილი და რძალი ავარიით დამეღუპნენ, 7 ობოლი დამრჩა, დასახმარებლად მოვედი, ლუკმა-პურის ფულისთვის, რომ ღამე ჩემი ობლები დავაპურო, მცირეწლოვნები არიან, აქ საბუთების შეგროვება მომთხოვეს და ისეთის, რისი გაკეთებაც არ შემიძლია. ახლა მინდოდა პურის ფული, თქვენ არ იცით რა მდგომარეობაში ვართ, ბავშვები საჭმელს მთხოვენ, დასახმარებლად მოვედი და ყველა უარს მეუბნება. ზევით არ მიშვებენ, რა აზრი აქვს მაინც ვერ დაგეხმარება ვერავინ, თუ სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ხარო ამის დამადასტურებელი საბუთები გვჭირდებაო, სად წავიდე, რა ვქნა , ახლა, სახლში როგორ მივიდე, ბავშვები მელოდებიან, მიშველეთ ვინმემ რამე." ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს გიორგი ინწკირველს, რომელმაც აღნიშნა, რომ სანამ ქალბატონო საბუთებს ვერ მოაგროვებს, ისე ფულად დახმარებას ვერ მისცემენ. "არ შემიძლია ამდენი სიარული, წნევა მაქვს, შაქარი მაქვს, დღეს მივედი იქნება ვინმემ ცოტა დამეხმაროს, ბავშვებს რომ სახლში საჭმელი წავუღო, სანამ მაგი დახმარება გაკეთდება, მანამდე ბავშვებს რა ვაჭამო? დღეს პირველად მოვედი აქ, მეგონა, რომ ვინმე მაინც გამოჩნდებოდა ღვთისნიერი", _იხვეწებოდა მოხუცი. ამის შემდეგ მას ოზურგეთის გამგებლის მოადგილე ირაკლი სირაძესთან მივყევით, რომელმაც ანალოგიური პასუხი უთხრა, რომ ფულადი დახმარების გასაცემად საბუთების შეგროვება არის საჭირო, რაშიც გამგებლის მოადგილემ დახმარება დაბა ნასაკირალის რწმუნებულს შოთა ართმელაძეს სთხოვა. "გურია ნიუსთან" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის რწმუნებული შოთა ართმელაძე ადასტურებს გულიკო ბოლქვაძის ოჯახის გაჭირვების შესახებ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ აუცილებლად გაუწევს შუამდგომლობას გამგეობასთან, დახმარების თაობაზე. "გული აგეწვება, ისეთი გაჭირვებულია, საცოდაობაა", _ გვითხრა რწმუნებულმა. დასახმარებლად მიმართეთ საიტს - GuriaNews.Com-ს.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |