მთავარი » 2015 » აპრილი » 29 » "ფულს თუ ვერ ვიშოვი, ჩემი შვილის სიცოცხლე გაჩერდება და ამას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ!" - 4 თვის ანდრიას მდგომარეობა უმძიმესია
1:26 PM
"ფულს თუ ვერ ვიშოვი, ჩემი შვილის სიცოცხლე გაჩერდება და ამას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ!" - 4 თვის ანდრიას მდგომარეობა უმძიმესია

ანდრია ჯერ მხოლოდ ოთხი თვის არის, მაგრამ დაბადებიდან მძიმე სენით დაავადდა. მკურნალობას ჯერ საქართველოში გადიოდა, მას ბაქტერიული მენინგიტი დაუდგინდა, ქართველმა ექიმებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს, ამიტომ ოჯახმა სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანა. თურქმა ექიმებმა ერთთვიანი კვლევების შემდეგ პატარას დიაგნოზი დაუსვეს და თქვეს, რომ მისი გადარჩენა შესაძლებელია, თუმცა ოჯახმა 35 000 დოლარი უნდა შეაგროვოს; წინააღმდეგ შემთხვევაში ანდრიას მკურნალობას აღარ გააგრძელებენ. ბავშვის მამა თამაზ წითულაური 4 დღის წინ საქართველოში სწორედ თანხის შესაგროვებლად დაბრუნდა, მაგრამ ვერ ახერხებს. ამიტომ დახმარებისთვის ჩვენ დაგვიკავშირდა.

- ბატონო თამაზ, როდის გახდა ანდრია ცუდად, რა სჭირს მას?
- ანდრია სამი კვირის იყო, როცა ცუდად გახდა. დღესაც ვერ არკვევენ, საიდან გაუჩნდა ბაქტერიული მენინგიტი. კომაში იყო, გორის საავადმყოფოში მოვათავსეთ, სადაც ერთი თვე იწვა. რეანიმაციაში მოათავსეს, ანტიბიოტიკები გადაუსხეს, სიცხემ დაუწია, გონებაზეც მოვიდა, მაგრამ შემდეგ სხვა ფერი, ლურჯი ფერი მიიღო, ყვითელ სითხეს იღებდა. გადმოვიყვანეთ იაშვილის კლინიკაში. ორ კვირაზე მეტხანს იყო აპარატზე მიერთებული. როგორც იქნა სიცხემ დაუწია, შემდეგ ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს, რადგან ჩათვალეს, კარგად იყო, მაგრამ უფრო გამწვავდა მისი მდგომარეობა.

პროფესორი ნანა ტატიშვილი თვეზე მეტხანს მკურნალობდა, საკუთარი შესაძლებლობები რომ ამოწურა, გვითხრა, იქნებ ვსინჯოთ, ბავშვს ლევომიცეტინი მივცეთო. ლევომიცეტინი სიკვდილიანობას და პათოლოგიებს იწვევს ბავშვებში, მაგრამ მაინც ვცადე ჩემი შვილის სიცოცხლისთვის. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ კარგად გამხდარიყო, ბავშვი აზრზე მოსულიყო. როცა არჩევანის წინაშე დავდექი, ან პათოლოგია ჰქონოდა ბავშვს, ან დაღუპულიყო, ავირჩიე, ლევომიცეტინი მიეცათ. თურქეთიდან ჩამოვიტანე ლევომიცეტინი, რეაგირებაც არ ჰქონდა ლევომიცეტინზე ბავშვს, უფრო აუწია ბაქტერიებმა. შემდეგ გადაწყდა თურქეთში გადაყვანა. იყო რამდენიმე კლინიკა, მაგრამ ყველაზე იაფიანი შევარჩიე. ერთ-ერთმა კლინიკამ წინასწარ მთხოვა 65 000 ლარი ჩამერიცხა, არ მქონდა ამდენის საშუალება, ამიტომ იაფიანი კლინიკა შევარჩიე. ვიღაცეები ჩაერივნენ და შევთანხმდით მკურნალობის პერიოდში მივაწოდებდი თანხას. ერთი თვეა კომაში იყო ბავშვი. ცოტა აზრზე მოვიდა, მითხრეს ექიმებმა დიდი დავალიანება დაგიგროვდათ, ამიტომ თანხა შეაგროვეთ და განვაგრძობთ მკურნალობას, დიაგნოზი უკვე დადგენილიაო. ამიტომ წამოვედი საქართველოში, მაგრამ 3000 ლარზე მეტი ვერ შევაგროვე. სახლი, მანქანა, ყველაფერი გავყიდე, სანამ წავიდოდით თურქეთში, რა ვქნა, აღარ ვიცი.

- რა თანხა გაქვთ შესაგროვებელი?
- ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ, დავრბივარ, იქნებ რაღაც თანხა შევაგროვო. შვილის გადარჩენა უკვე შემიძლია, ექიმებმა მითხრეს, ან თანხა მოიტანეთ, ან ბავშვი წაიყვანეთო. სამშაბათამდე უნდა შევაგროვო 35 000 დოლარი, რა გავაკეთო აღარ ვიცი, ყველას ვთხოვ დახმარებას, მაგრამ ვინ დამეხმარება? ვერ ვაგროვებ ფულს. სოფლის სახლი ხათრით ჩავდე ბანკში, 30 000 დოლარი გადავიხადე და კიდევ 35 000 მაქვს შესაგროვებელი. ასეთ დღეში ვარ, რა გავაკეთო აღარ ვიცი. აქ ბაქტერიულ მენინგიტზე მკურნალობდნენ ბავშვს, თურქებმა კი გვითხრეს, რომ მის დაავადებას კონკრეტული სახე არ აქვს, მხოლოდ ბაქტერიული მენინგიტი არ აქვს, გაუკვირდათ ასეთი ძლიერი წამლები რატომ მისცეს ბავშვსო. ვენები ჰქონდა ბავშვს დამწვარი ასეთი ანტიბიოტიკებისგან, საათნახევრიანი ოპერაცია დასჭირდა ანდრიას, კათეტერი რომ ჩაედგათ ვენაში. სულ ტიროდა ბავშვი,
ახლა ცოტა დაწყნარდა, მაგრამ დიაგნოზი უკვე დასმულია, საჭიროა ძვირადღირებული კვლევები და მედიკამენტები. მაგრამ ფულს თუ ვერ ვიშოვი, ჩემის შვილის სიცოცხლე გაჩერდება.

- ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეთ დახმარებისთვის?
- მერიას მივმართე, ჯანდაცვის სამინისტროსაც. მეუბნებიან, ლეიკემიას და სიმსივნეს ვაფინანსებთო. სადაც მიმესვლება, ყველგან მივედი, მაგრამ უარს მეუბნებიან. ყველა უარს მეუბნება დაფინანსებაზე, კიდევ დავწერე განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში, მაგრამ მეუბნებიან, არ მგონია დაფინანსდესო. თუ დაფინანსდება, მაქსიმუმ 10 000 ლარს დაუფინანსებენ. ყველას ვთხოვ ჩემი შვილის გადარჩენაში დამეხმაროთ, აღარ ვიცი რა გავაკეთო, ვისთან მივიდე, ქუჩაში დავრჩი, არაფერი აღარ დამრჩა. მიშველოთ იქნებ, როგორც იქნა ვიცი, რომ მისი სიცოცხლის გადარჩენა შემიძლია და თანხების შეუგროვებლობის გამო, თუ ვერ მოვახერხებ ამას, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ.

ანდრია წითულაურის დასახმარებლად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0901900989 (ზარის ღირებულება 1 ლარი).
ანგარიშის ნომერი GE 35BG0000000338827000 Gელ (მიმღები თამაზ წითულაური)
599937799 თამაზ წითულაური


ნანახია: 409 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: daxmareba, სიკეთე, kvelmokmedeba, dakhmareba, sikete, ქველმოქმედება, qvelmoqmedeba, დავეხმაროთ, დახმარება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დამატებითი ინფორმაცია